"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2010-2022 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები შეისწავლა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ:
ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა გამოიწვია;
იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფი 40%-ით გაზარდა;
იმპორტში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შუამავალი კომპანიები არიან ჩართული, რაც ასევე აძვირებს ელექტროენერგიას;
"ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 40%-ით გაიზარდა.
საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც ყოფილ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეებს ეკუთვნით.
შუამავალი კომპანიები ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებენ, რაც ტარიფს ზრდის. პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა.
აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილ პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია „Elgreen Holdings Incorporated“ არის ჩართული.
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგია“ ჩართული, რომლის 50.01% რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს - ვახტანგ ამბოკაძეს." ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება რუსეთზე დამოკიდებულებას, კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ენერგოკრიზისი არ შეიქმნება.
"2021 წელს იმპორტში რუსეთის წილი 25% იყო. 2022 წელს რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა - 2021 წელს 1.8% იყო, ხოლო 2022 წელს 2.6%.
რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების საკუთრებაში არსებულ ჰეს-ებზე საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის. ეს ჰესებია: ხრამი ჰესი 1, ხრამი ჰესი 2, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი." ვკითხულობთ კვლევაში.
"გამჭვირვალობის" რეკომენდაციებით, გამჭვირვალე უნდა იყოს, რამდენად ზრდის იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასს შუამავალი კომპანიების ფასნამატი.
შუამავალი კომპანიების იმპორტში ჩართულობის საჭიროების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, სახელმწიფომ ელექტროენერგია მათ გარეშე უნდა შეიძინოს და საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანი ელექტროენერგიის მოხმარების ეფექტიანობის და შიდა გამომუშავების ზრდა უნდა იყოს.