„რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებულის შესახებ, რომლის უფლებებსაც „სამართლიანი არჩევნები” იცავს, ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზიანების ხარისხის შესაფასებლად, ალტერნატიულ დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართეს.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შეფასებით:
"ზაზა ბიღიაშვილის მიერ მიღებული დაზიანების ხარისხი არის მძიმე, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგული აქვს სრულად, ჩაშლილია თვალის ბადურა, მხედველობის აღდგენა ნებისმიერი სახის ჩარევისა და ოპერაციის მიუხედავად შეუძლებელია",- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზაზა ბიღიაშვილი ორჯერ, 9 და 15 მარტს დაკითხა. მას ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.
"გარდა თვალის და ზოგადად მხედველობასთან დაკავშირებული მკურნალობისა, ვინაიდან ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ, ბიღიაშვილს დამატებით ესაჭიროება ნევროლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკვეთრად შეიზღუდა ზაზა ბიღიაშვილის შრომისუნარიანობა. ამის შესახებ უფრო ზუსტ შეფასებას „სამართლიანი არჩევნები” ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გააცნობს საზოგადოებას" - წერს ISFED.
"სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დაინტერესებულა ზაზა ბიღიაშვილის სოციალური საჭიროებებით, არ გამოუხატავს წუხილი ან თანადგომა მის და მისი ოჯახის მიმართ.
განცხადების სრული ტექტსი იხილეთ ბმულზე.
მხედველობის აღდგენა რომ შეუძლებელია ამის შესახებ ბიღიაშვილს გუშინ, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმებმაც უთხრეს, სადაც ის კვლევებზე იმყოფებოდა.
ბიღიაშვილი 7 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, მაშინ დაშავდა, როცა პოლიციამ მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაარბია.
მიუხედავად ძალის გამოყენებისა და დაშავებულებისა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ პოლიციელები აქციაზე "ლოიალურები იყვნენ" და "სისხლი არ დაღვრილა". "ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ შეკითხვები არსებობს, რა ვითარებაში დაკარგა ადამიანმა მხედველობა.