სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი სვიმეონი უარყოფს, რომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თანხა სთხოვა.
ამის შესახებ მან TV Monitoring-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. მეუფე სვიმეონის თქმით, მას ლევან გამრეკელთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, თუმცა მედიასთან არ განუმარტავს, რას უკავშირდებოდა მისი კრიტიკა ამბიონიდან.
"აბსურდის თეატრია, როგორ გეკადრებათ...ტყუილია. [ქადაგება] რასაც შეეხებოდა იმ წუთას დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, ჩემს სულიერ შვილებთან მე თვითონ გავერკვევი. ტყუილია [რომ თანხა ვთხოვე გამრეკელს]. ამ ცილისწამების გამო, შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანების მხილება გვიწევს. ჩემი მხრიდან არანაირი დაპირისპირება არ არის. როგორც არ უნდა იყოს დამნაშავე, ჩვენი ეპარქიის შვილია და ყველანაირად ვეცდებით, რომ გზაზე დავაყენოთ", - თქვა მეუფე სვიმეონმა.
გარდა ფულის თხოვნის ბრალდებების, მეუფე სვიმეონს მრევლი აღსარების გათქმაში ადანაშაულებს. უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელი, ზაზა მეხრიშვილი "მთავარ არხთან" ყვება, რომ წლების წინ მან მეუფეს აღსარება ჩააბარა, რომლის შესახებაც მან, სავარაუდოდ, ახლობელს მოუყვა.
"წლების უკან აღსარება ჩავაბარე მაგას. მარტო მე და მაგან ვიცოდით, უბრალოდ გული გადავუშალე და წინ დამხვდა ეს ლაპარაკი. პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად, ერთ-ერთმა მაგის ახლობელმა მიმანიშნა. ფაქტია მაგან თქვა, მე არსად მითქვამს, მე და მაგან ვიცოდით მარტო. გული გადავშალე, რაღაც ვთქვი და წინ დამხვდა", - თქვა ზაზა მეხრიშვილმა.
ცნობისთვის, ქადაგებისას მეუფე სვიმეონმა ლევან გამრეკელი გააკრიტიკა და მას პოპულისტი უწოდა. მიტროპოლიტის თქმით, გამრეკელის მხრიდან ქველმოქმედება პიარის ნაწილია. თავად გამრეკელი ამბობს, რომ არ იცის რას უკავშირდებოდა კრიტიკა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეუფე სვიმეონმა გამრეკელს დიდი ოდენობით თანხა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.