რაჭაში დახურულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა და დამსვენებლები დილიდან ავიაციის დახმარებით გამოჰყავთ. იმის გამო, რომ მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, საევაკუაციო სამუშაოებში უკვე ორი ვერტმფრენი ჩაერთო. რაჭაში მასშტაბურ სტიქიას და მის შედეგებს იხსენებენ ადგილობრივები და დამსვენებლები. ისინნი ამბობენ, რომ იძულებული გახდნენ, საკუთარი მანქანები დაეტოვებინათ და სტიქიის ზონიდან ავიაციის მეშვეობით გამოსულიყვნენ.
სოფლების ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტრონერგია, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ შუქის გარეშეა დარჩენილი. "მთავარის" ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი მივლენ.
მედიის ნაწილს, მათ შორის, "მთავარ არხს" არ ეძლევა საშუალება, შევიდეს დახურულ ზონაში, საიდანაც სოფლები გარესამყაროს არიან მოწყვეტილი. "მთავარის" ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მოქალაქეები მძიმე მდგომარეობაში არიან, არ აქვთ ელექტროენერგია და უთავდებათ საკვებისა და მედიკამენტების მარაგები.
სტიქიის ზონიდან უკვე გადმოყვანილია 150-მდე ადამიანი. ისინი ამჟამად ონში იმყოფებიან და ელიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რათა თავიანთ მუნიციპალიტეტებს დაუბრუნდნენ.
რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გარესამყაროს ისევ 12 სოფელია მოწყვეტილი, ელექტროენერგიის მიწოდება 5 სოფელს აღუდგა. ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიადგა რაჭის რეგიონს სტიქიის მიზეზით.
შეგახსენებთ, რომ წყალუხვი და გადაუღებელი წვიმების შედეგად რაჭაში ადიდდა მდინარეები, რომლებმაც ხის და რკინის კონსტრუქციის ხიდები წაიღო, დააზიანა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი.