შალვა რამიშვილს ქალების შემდეგ უკვე ქართველი ხელოვანები უჩივიან. სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება პაატა ბურჭულაძემ და განცხადებაში წერია, რომ ის აპირებს შალვა რამიშვილს ცრუ ბრალდებების გამო სასამართლოში უჩივლოს.
იქამდე კი, ტროლ-ბოტების ორგანიზებული თავდასხმის სამიზნე ის ხელოვანები გახდნენ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას შეუერთდნენ და ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს.
მაგალითად, მერაბ სეფაშვილის ახალი კლიპის გამოსვლისთანავე ვიდეოს კომენტარებში ტროლ- ბოტები შეურაცხმყოფელ ფრაზებს წერდნენ.
მოგვიანებით, "პოსტივის" ეთერში შალვა რამიშვილმა სწორედ იგივე ტერმინებითა და ტაქტიკით სცადა ხელოვანებისა და ორგანიზაცია „კონცეპტ არტის“ დისკრედიტაცია და გაშავება.
ორგანიზაცია "კონცეპტ არტი" აერთიანებს ხელოვანებს და მათთან ერთად მუშაობს სხვადასხვა წარმატებულ პროექტებზე. მიზანმიმართული გაშავების კამპანიის შემდეგ ამ ორგანიზაციის დირექტორმა თეონა ჯორბენაძემ საჯაროდ თქვა , რომ ორგანიზაცია აღარ ითანამშრომლებს არცერთ იმ ხელოვანთან, რომელიც "პოსტივიში" მივა.
ამის შემდეგ, ბერას ერთ-ერთმა ძმაკაცმა და მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარმა, ლაშა ბასლანძემ ჯორბენაძის ეს პოსტი გააზიარა და მას დაემუქრა.
"კონცეპტ არტის" დირექტორმა ბასლანძეს მუქარის გამო გუშინ პოლიციას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. დღეს ბერას ძმაკაცი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ავტორი: ნინო გიგაური