რაჭაში, სტიქიით დაზარალდებულ რეგიონში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმყოფებიან. იგი სტიქიის ზონაში მესამე დღეს ჩამოვიდა. მან მაია ცქიტიშვილთან ერთად სოფელ ღებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა, შემდეგ კი ონის მერიაში შტაბის სხდომას დაესწრო. მისი თქმით, 50 მილიონი და ერთი თვეა საჭირო, რათა ონის რაიონი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს.
გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიას აღვადგენთ კარგი ამინდის შემთხვევაში ერთ კვირაში, მაგრამ ყველა ამ სოფელში იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ, მოხდება სოფლების მომარაგება. არანაირი პრობლემა არ იქნება. ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე ოჯახის სხვა ადგილას დასახლება გახდეს საჭირო.
მაია ცქიტიშვილი მომდევნო დღეებს სტიქიის ზონაში, ონის მუნიციპალიტეტში გაატარებს.
სტიქიის ზონიდან უკვე გადმოყვანილია 150-მდე ადამიანი. ისინი ამჟამად ონში იმყოფებიან და ელიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რათა თავიანთ მუნიციპალიტეტებს დაუბრუნდნენ. ელექტროენერგიის მიწოდება 5 სოფელს აღუდგა.
შეგახსენებთ, რომ წყალუხვი და გადაუღებელი წვიმების შედეგად რაჭაში ადიდდა მდინარეები, რომლებმაც ხის და რკინის კონსტრუქციის ხიდები წაიღო, დააზიანა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი.