აქონდროპლაზიით დაავადებული მოზარდების მშობლების პროტესტს ლევან იოსელიანი ეხმაურება და წერს, რომ საკითხის მოგვარებაში სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია და მათი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.
"მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.
მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია." წერს იოსელიანი
შეგახსენებთ, მოზარდების დედები უკვე რამდენიმე დღეა მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის დაფინანსებას ითხოვენ და კანცელარიის ეზოში ღამეებს ათევენ. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, პრემიერი ღარიბაშვილი კი მათ არ ხვდება. დღეს მშობლებმა უკვე სახალხო დამცველთან შეხვედრა მოითხოვეს და იოსელიანს, მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.