კლინიკა "ვივამედში" აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო.
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში "ვივამედის“ ექიმი, თამარ ჭანტურია მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ მესამე პრეზიდენტმა გუშინ გონება ორჯერ დაკარგა, ექიმი უარყოფს, რომ მეორე შემთხვევაში გონების კარგვის ეპიზოდი იყო.
„მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. აღენიშნება სისუსტე, თავბრუს ხვევა, წამოდგომისას წონასწორობის დაკარგვა. სიცხე გუშინ, დღის მანძილზე 37 იყო მაქსიმალური. რაც შეეხება წნევას, გონების დაკარგვის შემდეგ, როგორც აღნიშნეს, ჰქონდა 90/60-ზე, შემდეგ უკვე 130/90-ზე. დედამისისა და პაციენტის გადმოცემით, სავარძლიდან წამოდგომისას ჰქონდა გონების დაკარგვა და დავარდა. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა და გონების კარგვა არ ჰქონია, როგორც კი შევედით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო, აღენიშნებოდა თავბრუსხვევაც. ექთანი არ აღნიშნავს, რომ გონების კარგვა იყო, უბრალოდ ჩაიკეცა და შემდეგ ბადრაგის დახმარებით საწოლამდე მიიყვანეს. გონების კარგვა მეორეჯერ არ ყოფილა. პირველად ექთანი არ ყოფილა მასთან, როგორც აღნიშნეს, გონების დაკარგვისას პალატაში იყვნენ დედამისი და თვითონ პაციენტი. მე პირადად გონებაზე დამხვდა პაციენტი, კონტაქტური და ადეკვატური იყო, უბრალოდ ძლიერი სისუსტე ჰქონდა და თავბრუსხვევა. შესაბამისად, შეფასდა ნევროლოგის მიერ და გამოირიცხა თავის დარტყმა, ეს არ ყოფილა“, – განაცხადა ჭანტურიამ.
შეგახსენებთ, რომ გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა. ფაქტს თავად ალასანიაც შეესწრო. ალასანია გონების კარგვას მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირებს. ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის დედამ გუშინ გაავრცელა.