Myway Airlines-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სუდანის დედაქალაქ ხართუმიდან საქართველოს მოქალაქეების სახმელეთო გზით გაყვანა განიხილება. რატი ბაკურაძის თქმით, კომპანიაში ასევე არის ინფორმაცია, რომ მათი ორი თვითმფრინავიდან ერთ-ერთი აფეთქებულია, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
"გარკვეულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს სახმელეთო გზით ევაკუაცია. ვკონტაქტობთ საქართველოს კონსულთან თურქეთში, რომლის დაფარვის ზონა არის სუდანი, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ვცდილობთ, რომ ჩვენებიც რაც უფრო უსაფრთხო იქნება, იმ გზით შევძლოთ გამოყვანა ხართუმიდან. ამ ეტაპზე ხართუმიდან საჰაერო გზით გაყვანა არ იგეგმება.
ამერიკამ თავისი სამხედრო ვერტმფრენებით გაიყვანა, მაგრამ ეს ამერიკის შემთხვევაში, როგორც ჩანს, შეთანხმებული იყო ორივე მხარესთან. ამ ეტაპზე მხოლოდ სახმელეთო გზა განიხილება, რადგან აეროპორტი უსაფრთხო არ არის.
ჩვენ ორი თვითმფრინავი გვყავდა იქ და შესაძლოა ერთ-ერთი [აფეთქებული] იყოს ჩვენი, მაგრამ სანამ ოფიციალური დასტური არ გვექნება და ადგილზე არ მოხდება იმის ნახვა, ვერ დავადასტურებ", - ამბობს Myway Airlines-ის გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძე.
რაც შეეხება კიდევ ერთი ავიაკომპანიის Geo Sky-ის, რომელთა თანამშრომლების ნაწილიც ასევე სუდანშია ჩარჩენილი, მისი დირექტორი შალვა კიკნაძე აბობს, რომ გაეროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ელოდებიან, რათა დაიწყონ ევაკუაცია.
"ცეცხლი შეწყვეტილია. სროლები აღარ არის, ველოდებით გაეროსა და საგარეო საქმეთა სამინსტროს, რათა დავიწყოთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან. შემოწმდება ჩვენი საჰაერო ხომალდი როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რომ ინჟინრები მივიდნენ და შეამოწმონ. თუ ჩავთვლით, შესაძლებელია საჰაერო ხომალდით, თუ არადა, შესაძლებელია სახმელეთო გზითაც",- თქვა შალვა კიკნაძემ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სუდანში უკვე 1 კვირაა ჩარჩენილია საქართველოს 50-მდე მოქალაქე. არსებული ცნობებით, მათ საკვებისა და წყლის მარაგები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედრებული დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 21 აპრილის მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად, 413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა.