"წამალი ბავშვებს" - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებმა დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ შეახსენეს მთავრობას რის გამო უწევთ ბრძოლა. დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ერთ-ერთმა ბავშვის დედამ გაიხსენა, რომ საკუთარ შვილს ჯერ კიდევ წლების წინ შეჰპირდა, რომ ის აუცილებლად გაიზრდებოდა და კიდევ ერთხელ ღიად თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად და წამლის მისაღებად სხვა დედებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს.
"10 წელი ველოდი ამ მედიკამენტს და როდესაც აღიარა მსოფლიომ მაშინ ყველაზე ბედნიერი დედა ვიყავი, მაგრამ ამავდროულად უბედური, რადგან ძალიან ძვირი ღირდა ეს მედიკამენტი. ეს ბრძოლა დავიწყე მშობლებთან ერთად, მაგრამ 13 წლამდე მოვედი მარტო. ვიბრძოდი ზაკოსთან ერთად, ზაკომ მე გამზარდა, ზაკო მე მიცავს დღეს ხალხისგან, ბულინგისგან. ქუჩაში როდესაც მივდივართ, ზაკო მე მიყურებს და მეუბნება, დედა "დაიკიდეო" ამ სიტყვას გამოვიყენებ...მე ზაკოს შევპირდი წლების წინ, როდესაც 8 წლის ასაკში მკითხა, დედა, რატომ არ ვიზრდებიო?, მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი, მაშინ შევპირდი, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. მე რომ დღეს წამლის გარეშე მივიდე, ზაკო დაიჯერებს, როგორც პრემიერმა თქვა - იტყუებიანო, რომ მატყუარა დედა ჰყავს. არ ჰყავს ზაკოს მატყუარა დედა, არ არის მისი დედა მარტო",- ამბობს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების სოლიდარობის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები მსვლელობით ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან ბრუნდებიან.
დედების პროტესტს შვილების გადასარჩენად დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და საზოგადოებამ, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობამ დედების მოთხოვნები უნდა შეასრულოს და ბავშვების ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტი, "ვოზორიტიდი" ქვეყანაში შემოიტანოს.