რამდენი მილიონი ლარი უჯდება სახელმწიფოს ბიუჯეტს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი ,,ბლექ სი არენას'' შენახვა? მისი გახსნიდან, 2016 წლიდან დღემდე ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, აქ დაახლოებით 20 კონცერტი ჩატარდა, ძირითადად ცნობილი უცხოელი მუსიკოსების. საქართველოში ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზსა და მულტიფუნქციურ სივრცეს ბერა ივანიშვილის მეგობრები მართავენ. ,,ბლექ სი არენას'' 2021 წლის ფინანსური ანგარიშით ასევე ირკვევა, რომ 2021 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზის ზარალი 5 მილიონი ლარი იყო.
2017-2020 წლებში კი დაახლოებით 33 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარალელურად გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორ წელზე მეტია საკონცერტო დარბაზში არავის უმღერია. პრემიერის გადაწყვეტილებით საკონცერტოს დარბაზს დაფინანსების ახალი წყარო გაუჩნდა. მთავრობის ინიციატივით ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტების ორგანიზებაში 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.