საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კანცელარიასთან მივიდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს სპეციალურად ცელოფნის პარკისგან აწყობილი კარვები არ გააშლევინა.
მისი თქმით, ის კანცელარიასთან დედების თხოვნით მივიდა, რადგან გადაეცა სამართალდამცავებისთვის, რომ მისცენ ცელოფნის ქვეშ პროტესტის გაგრძელების საშუალება.
"მოვედი აქ მათი თხოვნის გამო, რომ მთელი დღეა წვიმს და შეიძლება, ეს წვიმა ამაღამაც გაგრძელდეს და ელემენტარულია, რომ ჰქონდეთ საშუალება, ცელოფანი გადაიფარონ და არ დასველდნენ წვიმის ქვეშ. ეს არის ძალიან ელემენტარული, ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამისთვის მოვედი, რომ პოლიციისთვის გადამეცა მათი მოთხოვნა. ველოდები პასუხს, რომ ადამიანებს მიეცეთ ღამის განმავლობაში, წვიმაში, ცელოფნის ქვეშ მათი პროტესტის გაგრძელების საშუალება" - თქვა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძლიერი წვიმის მიუხედავად, პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები არ გააშლევინა და სპეციალურად ცელოფნის პარკისგან აწყობილი კარვები დაშალა.
ფოტო: გადაღებულია 24 აპრილს, როცა ომბუდსმენი დედების აქციაზე პროტესტის მე-6 დღეს მივიდა