თავისუფლება ლაზარეს! - დღეს, 17:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები, მოძრაობა "სირცხვილია", "მტკვარზე" და "ტალღა" არიან.
შეგახსენებთ, რომ გრიგორიადისის საქმეზე პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საატზე დაიწყება. ლაზარეს საქმის განხილვის პარალელურად, ასევე ჩაინიშნა თორნიკე აკოფაშვილის პროცესი.
ცნობისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.