ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტთან შედარებით, 2023 წლის მარტში 8.3-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა. მარტში რუსეთიდან გზავნილებმა საქართველოში 224 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
სებ ამბობს, რომ მაღალი ტემპით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც (40.4%-ით), ასევე, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (130.8%-ით გაიზარდა) და ყირგიზეთიდან (165.1%ით).
ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (51.0%), ევროკავშირის ქვეყნები (24.6%) და აშშ (8.2%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.