"ბიზნესის ჭრილში ავანტიურაა... ეს არის ძალიან პოლიტიზებული", - ასე აფასებს კომპანია "ეარჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა პუტინის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ვისაც უთანამშრომლია ამ ქვეყანასთან, კარგად იცის, რომ რუსეთი გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე იღებს.
"ბიზნესის ჭრილში ავანტიურაა, მე პირადად შეცდომას არ დავუშვებ და რაც უნდა საინტერესო იყოს მოსკოვის ბაზა, ეს არის ძალიან პოლიტიზებული ბაზარი და ნებისმიერ დროს შეუძლია ან პუტინს, ან სიმონიანს რაღაც უაზრო განცხადების შედეგად, ერთ თვეში ან ორ თვეში, თუ ვინმე მომცემს გარანტიას, რომ ეს რეისი ისევ დაიხურება. პოლიტიკურ ჭრილშიც გაუმართლებელია იქ რეისები, იმის მერე, რაც ომი შეგვემთხვა, ომის მერე მე, რომ მივბრუნდე მოსკოვის ბაზარზე ესეც როგორ მოქალაქისთვის, არის გაუგებარი და მიუღებელი", - ამბობს გიორგი კოდუა.
თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისების განახლებაზე ფიქრობს "საქართველოს ავიახაზები", თამაზ გაიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ ფრენები განახორციელონ.
როგორც ის "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, ჯერ კომპანია არ არის მზად, რუსეთის სამოქალაქო ავიაციისგან ნებართვა მოითხოვონ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"მომავალ კვირაში ვიმსჯელებთ კომპანია ამ თემაზე, შესაძლებლობა გვაქვს თუ არა, საერთოდ ფრენაზე... თვითმფრინავი სჭირდება, ფრენა, შემდეგ სისტემაში ჩასმაა საჭირო, რომ ბილეთების რეალიზაცია მოხდეს, ერთი 4 დღის ადრე, მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემებია, სანამ რეისს დავნიშნავთ. ჩვენ დავფრინავდით ბევრი წლები რუსეთში და ვიცით, თუ რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს თამაზ გაიაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანებულებებს პუტინმა ხელი გუშინ, 10 მაისს მოაწერა.