შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ კრიმინალური ავტორიტეტი "საშა სევერი" მართავდა იმ ავტომანქანას, რომელიც საპატრულო პოლიციამ გააჩერა. უწყება "საშა სევერის" ქვეყანაში შემოსვლასაც არ ადასტურებს:
"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოხდა აღნიშნული სანომრე ნიშნით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და მისი დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
სატრანსპორტო საშუალებას მართავდა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საზღვარი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა 2020 წელს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომანქანა და რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმეს.
ხოლო, რაც შეეხება პირს, რომლის სახელს და გვარს ავრცელებს მედია, აღნიშნული პირი სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს" - აცხადებს შსს.