გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ "გორმედის" კლინიკის ექიმებმა ბავშვს შესაბამისი სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს.
ბავშვის ბებია "მთავარ არხთან" ყვება, რომ ექიმმა ბავშვს ადგილზე პირველადი დახმარება არ გაუწია და თქვა, რომ ჯერ ისტორია უნდა გაეხსნათ. მისი თქმით, 4 წლის ბიჭი უკვე მძიმედ იყო, ითხოვდნენ გადასხმის გაკეთებას.
"თბილისში უნდა წაგვეყვანა, უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, იავნანა გადმოიტანეს "გორმედთან" და მივიყვანეთ იქ. გამოვიდა ექიმი გამოვიდა, უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო, ასე მითხრა. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-თქო, მოიცაო ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს მოიცადე, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო, არა. პირდაპირ გამოვიტაცეთ და წამოვედით. გონება დაკარგა ბავშვმა, საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, გული ჰქონდა გაჩერებული", - თქვა ბავშვის ბებიამ.
ციციშვილის სახელობის კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვი მათთან პრაქტიკულად გარდაცვლილი მიიყვანეს. იხილეთ ასევე: