სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა და 15.6%-ს შეადგენს - საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,9%-ით შემცირდა და 15,6% შეადგინა. 

როგორც საქსტატი წერს, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებაში 2,7%-ით შემცირდა და 12,3% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0,7%-ით შემცირდა და 20,6%-ს გაუტოლდა. 

მათივე ცნობით, სიღარიბის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2022 წელს შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20,4% შეადგინა, რაც 2,3%-ით არის შემცირებული. 

18-დან 64 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 2,0%-ით და 15,3% შეადგინა. 

ხოლო 65 წლისა და უფროს ასაკობრივ ჯგუფში 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 10,5% გახდა, რაც 1,4%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი.

დოკუმენტში მოყვანილია ჯინის კოეფიციენტიც, რომელიც საზოგადოებას შორის ეკონომიკურ უთანასწორობას ასახავს. რაც უფრო დაბალი ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანასწორად არის საზოგადოებაში შემოსავლები გადანაწილებული. 

როგორც უწყება წერს, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.37-დან 0,36-მდე შემცირდა. კოეფიციენტი უცვლელია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით და იგი 0,34-ს შეადგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი