
"ფოტოგრაფის ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის", - ასე ეხმაურება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძეს, რომელიც კონკურსიდან "მე ვხედავ ევროპას" საერთოდ ჩახსნეს.
ცენტრი წერს, რომ აღნიშნული ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რადგან ბოლო პერიოდში მაღალი ცნობადობით სარგებლობდა.
"ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის გამოცხადებული ფოტო კონკურსი - “მე ვხედავ ევროპას” - მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის თემაზე მათ მიერ განცდილი და ფოტო კამერით დანახული დამოკიდებულების ასახვას.
მოხარული ვართ, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 100-მდე მოყვარულმა ფოტოგრაფმა.
ჟიურის მიერ შეირჩა 13 შესანიშნავი, აქამდე უცნობი ნამუშევარი, რომელთაგანაც საუკეთესოები უკვე ხმის მიცემის პრინციპით საზოგადოებას უნდა შეერჩია.ძალიან სამწუხაროა, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფის ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის.
აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აღნიშნული ფოტოგრაფის კონკრეტულად ეს ნამუშევარი ბოლო პერიოდში სარგებლობდა მაღალი ცნობადობით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასა და წამყვან მედია გამოცემებში. მას მიღებული აქვს არა ერთი საპატიო ჯილდო და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. შესაბამისად, ჟიურის გადაწყვეტილებით, ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული. სამწუხაროდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოყვა საკითხის სრულიად უსაფუძვლო პოლიტიზირება და სხვა მონაწილეების და მათი ნამუშევრების უმწვავესი ბულინგი, რასთან დაკავშირებითაც გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას.
თითოეულ მონაწილეს, რომელმაც მიიღო კონკურსში მონაწილეობა და უმიზეზოდ აღმოჩნდა უმწვავესი თავდასხმების სამიზნე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მონაწილეობისათვის და მივულოცოთ სრულიად დამსახურებული წარმატება.
კონკურსის შედეგად წარმოჩენილი იქნა აქამდე უცნობი და ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანს - საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ვამაყობთ, რომ ცენტრი წარმოადგენს ჰაბს, რომლის ფარგლებშიც სამთავრობო, არასამთავრობო, მედია და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მხარდამხარ მუშაობენ იმისათვის, რომ აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და გაამყარონ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა აღნიშნული პროცესების მიმართ. წლის განმავლობაში ღონისძიებების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა ( 800-მდე ღონისძიება) განხორციელდა და მომავალშიც ცენტრის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს აღნიშნულ საქმიანობაში თავისი წვლილის შეტანა" -წერია განცხადებაში.