"ოქმში ჩაწერეს, რომ გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაგვიწია წინააღმდეგობა, რაც არის სიცრუე"- თუთბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტთან დააკავეს, უკვე თავისუფალია. თუთბერიძე ამბობს, რომ რეალურად მას ბანერი ხელში არ სჭერია და ის ძირს იდო.
თუთბერიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი. როგორც ადვოკატი ამბობს, მას შემდეგ რაც საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანეს, ავლაბარში იმყოფებოდნენ, როდესაც პოლიციელებს დაურეკეს, რის შემდეგაც პოლიციამ მას ხელბორკილი მოხსნა და უთხრა, რომ განრიდებული იყო. თუთბერიძის თქმით, დაბრუნდნენ თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე, თუმცა რამდენიმე წუთში, ხელბორკილი ისევ დაადეს და უთხრეს, რომ ამჯერად ნამდვილად დაკავებული იყო. ამის შემდეგ ის კახეთის გზატკეცილზე, შსს-ის შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თუთბერიძის თქმით, სამართალდამცველებმა შეადგინეს ოქმი, სადაც ჩაწერეს, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და აგინებდა, რაც ადვოკატის თქმით, სიცრუეა და თუ სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს, ამის დადასტურება მარტივია.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დაირღვა მისი უფლება და არ მისცეს დარეკვის საშუალება, ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები. 

"ავლაბარში როცა მოვედით ვიღაცამ დაურეკა, პოლიციელს ერთ ერთს ოფლმა დაასახა, მითხრა, რომ შენ განრიდებული ხარ დაკავებული არ ხარო, მომხსნა ბორკილები, ჩამოსმას აპირებდნენ სადღაც. მოვთხოვე რა კანონის საფუძველზე განრიდება, მითხრეს, რომ კონსტიტუციის საფუძველზე არის გაკეთებულიო, ამის შემდეგ, რადგან მე არ აღმოვჩნდი მორჩილი,  რომელსაც გადასვამდნენ სადღაც ავლაბარში, მოვბრუნდით თავისუფლების მოედანზე, როცა გავჩერდით 5-10 წუთი ვიღაცეები მოვიდნენ, ვიღაცეებმა დაურეკეს და ამის შემდეგ თქვეს, რომ ახლა ნამდვილად დაკავებული ხარო, ხელმეორედ დამადეს ბორკილი. წამომიყვანეს შსს-ს მთავარ შენობაში, დაიწყეს ოქმის შედგენა, ჩამომართვეს ნივთები, დარეკვის საშუალება არ მომცეს ბოლო წუთამდე,მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი წარმომადგენელიც იყო მოსული. ოქმში ჩაწერეს, რომ გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაგვიწია წინააღმდეგობა, რა არის სიცრუე." ამბობს თუთბერიძე. 

თუთბერიძის დაკავებაში პირადად მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ლაშა ჯოხაძე.

პარლამენტთან დღეს საღამოს თუთბერიძის გარდა, დააკავეს ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძე.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი