"ეს არის ფასი, რომელიც გადავიხადე ჩემი თავისუფალი და კრიტიკული სიტყვისთვის" | მარიკაშვილი დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

"მე დამაკავეს მხოლოდ იმის გამო,  რომ ვაპროტესტებდი ღარიბაშვილის ქცევას და სოლიდარობას ვუცხადებდი მათ, ვინც პროტესტისთვის ჩემამდე დააკავეს", -  ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი, რომელმაც თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც მარიკაშვილი ამბობს, მისი დაკავება სრულად უკანონოა.

"მე დამაკავეს 2 ივნისს, 23:30 საათზე, პარლამენტის წინ, მხოლოდ იმის გამო, რომ ხელში მეკავა თეთრი სუფთა ფურცელი და ამით ვაპროტესტებდი ღარიბაშვილის ქცევას და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებდი იმ ადამიანებს, ვინც მის მიმართ პროტესტისთვის დააკავეს ჩემამდე. რაც შეეხება ხელისუფლებას, ვფიქრობ, რომ დარჩენილი აქვთ შურისძიების, გართობისა და თამაშის გზა. შურისძიება იმათ მიმართ, ვინც კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ და თამაში იმის გამო, რომ ისინი თამაშობენ ადამიანების თავისუფლებით, იმ ძალაუფლებით, რომლებიც მიანიჭეს მათ ადამიანებმა და ხალხმა. 

ჩემი დაკავება იყო სრულად უკანონო, ისევე როგორც იზოლატორში 48 საათით მოთავსება იყო უკანონო, თუმცა მე მგონია, რომ ეს არის ის ფასი, რასაც ადამიანები, ვინც ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება აღარ წარმოადგენს იმ რეალურ მიზანს და ვერ აღიქვამს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია, პირიქით, აზიანებს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, მათი პროტესტის მიმართ ასეთი ქმედებით უნდა გადავიხადოთ ფასი, რომელიც ჩვენს თავისუფალ სიტყვას მოჰყვება ხოლმე და ეს არის ფასი, რომელიც ამ შემთხვევაში მე გადავიხადე ჩემი თავისუფალი და კრიტიკული სიტყვისთვის" - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტახნის წინ ასევე,  დატოვეს საბა ბრაჭველმა და ნიკა რომანაძემ. 

ცნობისთვის 2 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერების გამო  8 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი