რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მოციგურავე წყვილს - დიანა დევისს და გლებ სმოლკინს სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება მისცა. ისინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ.
ახალი სტატუსით სპორტსმენების დაშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ISU-მ (საერთაშორისო ციგურების კავშირი) უნდა მიიღოს, რაც, The Skating Lesson-ის ცნობით, შესაძლოა მომავალ კვირას მოხდეს ან ოქტომბრამდე გადაიდოს.
სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად რუსეთის ფიგურისტები ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის. მედია ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა დუეტმა შეძლოს მომდევნო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, რადგან სმოლკინს არ ექნება დრო, ახალი მოქალაქეობის მისაღებად.
2022/23 სეზონზე დევისმა და სმოლკინმა გამოტოვეს რუსეთის გრანპრი და ეროვნული ჩემპიონატი.
დიანა დევისი, 20 წლის, მწვრთნელ ეთერი თუთბერიძის შვილია. დუეტმა ბოლოს რუსეთის სახელით პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზა და მე-14 ადგილი დაიკავა.