"მოვითხოვთ, შენარჩუნდეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა" | კინოცენტრის ღია წერილი

გამოქვეყნდა:

"მოვითხოვთ, შენარჩუნდეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა" -  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღია წერილს და წერს, რომ არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

იხილეთ წერილი სრულად:

"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შექმნის დღიდან, წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას საქართველოში, რომელიც არის ქართული კინოს განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მთავარი ხელშემწყობი. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას წარმოადგენს, კინოს წარმოების, ფესტივალების, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსება და კინოს პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. წლების განმავლობაში კინოცენტრის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კულტურულ განვითარებას, ხელოვანების თვითგამოხატვის თავისუფლებას და ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ გატანას.

არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული კინოსექტორისათვის. მისი მნიშვნელობა კი განპირობებულია აქ დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმით, სიყვარულით ქართული კინოსადმი, საერთო იდეითა და სურვილით, რომ ჩვენმა კულტურამ დაიმკვიდროს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი.

ბოლო წლებში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნაწილის ნდობა კინოცენტრისადმი საკმაოდ შერყეულია. ვინაიდან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანთან დამოკიდებულება, გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან" - წერია ღია წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრმა დღეს, 2 მაისს, გოეთეს ინსტიტუტის სტატიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ შესაძლოა კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი