კინოცენტრმა შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს - პასუხი გოეთეს ინსტიტუტს

გამოქვეყნდა:

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი გოეთეს ინსტიტუტის სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შესაძლოა კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.

კინოცენტრი გამოეხმაურა 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია გაგა ჩხეიძისთვის 2023 წლის გოეთეს მედლის გადაცემაზე. კინოცენტრი ამბობს, რომ სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, რომ გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის.

"ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება.

მკაფიოდ განვმარტავთ, რომ გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 18 მარტს გათავისუფლდა არა უკრაინის მხარდაჭერისათვის, არამედ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშის“ საფუძველზე, რაც მოიცავს 2019-2020 წლებში მის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებას. სწორედ ამ აუდიტორული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა.

გამოვლენილი დარღვევების კვალიფიკაციის შესაბამისად, გაგა ჩხეიძის საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის. შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში დაიწყო გამოძიება (სს N 074020522803) კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებით", - წერია განცხადებაში.

განცხადების ბოლოს ვკითხულობთ, რომ "ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე", კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი