საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგება

გამოქვეყნდა:

საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, მესამე მოსმენით მიიღო.

უწყების ცნობითვე, პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, "საქაერონავიგაციასთან" ერთად, მუშაობა დაასრულა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი განკარგულება გასცა.

„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები" , - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ,  მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 29 ივლისს გუდაურში პარაპლანით ფრენისას ინსტრუქტორი და ტურისტი აფრენისთანავე ჩამოცვივდნენ. სამაშველო ვერტმფრენი მათ საშველად გაემგზავრა. დასახმარებლად აფრენილი საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი ხევში ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარალპალით ფრენაზე განაცხადა: "რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი