
პარაპლანით ფრენებისთვის საჰაერო სივრცე გუდაურის ტერიტორიაზე გამოიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
როგორც GCAA წერს, სააგენტომ ასევე გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
"პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა. ასევე, გამოიყო უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე გუდაურის ტერიტორიაზე.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, “საქაერონავიგაციასთან” ერთად, უმოკლეს ვადებში დაასრულდა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" - წერს GCAA.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 ივლისს, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია რომ საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგება.