ძალადობრივი ჯგუფების მეთაური ვატო შაქარიშვილი ამტკიცებს, რომ "ფრანკლინის კლუბი" დესტრუქციული ორგანიზაციაა და მას საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან არანაირი საერთო არ აქვს. შაქარიშვილი "მთავარ არხთან" ასევე განმარტავს, რატომ მივიდა "ფრანკლინის კლუბის" დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
"იმიტომ, რომ "ფრანკლინის კლუბი" არის ამ ქვეყანაში, მას არა აქვს არანაირი საერთო საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან. ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, მავნებლური ორგანიზაცია და მათი მხრიდან პოლტიკური გზავნილი, რომ ისინი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღეს აღნიშნავენ სწორედ კოკა-კოლის ტერიტორიაზე, რომელმაც იკადრა უკადრებელი უკანასკნელ დღეებში და სცადა მავნებლურად, შეფარულად ჩვენი ბავშვების ფსიქიკაზე ზემოქმედება ნეგატიური, LGBT პროპაგანდის გავრცელება და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, გამოვიდა და საზოგადოებას, ქართველ ხალხს დაგვიძახა ბნელი. ამის გასაპროტესტებლად მოვედით," - ამბობს შაქარიშვილი.
ის გუშინდელი ძალადობის ფაქტებს უარყოფს და ტყუილს უწოდებს.
"არანაირი ძალადობა. ტყუილია. თქვენ თუ 10-ჯერ იტყვით კვერცხზე ქვას, ის ქვა არ გახდება. იმიტომ რომ თქვენ მაგის ძალა არ გაქვთ, არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება. მაგრამ, განსხვავებით ამისგან, განახებთ, ეს ხალხი რას აკეთებდა 7-8 მარტს, როგორ ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ცდილობდა ცეცხლი გაეკიდებინა პარლამენტის შენობისთვის და როგორ მიატოვეს იმ ლიდერებმა, ვინც ეხლა მოჰყავთ აქ ე.წ. სპიკერებად. იმ ადამიანებმა წაიყვანეს ბავშვები, ახალგაზრდები წაიყვანეს პროვოკაციაზე, შემდეგ მიატოვეს და ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიღუპებოდა ვინმე. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ის, რომ ეს ესე ვეღარ გაგრძელდება, ამის სათქმელად მოვედით აქ,"- ამბობს ძალადობრივი დაჯგუფების მეთაური.