ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი დღეს თბილისში ჩამოვა და 4 საათზე პარლამენტთან გამართავს აქციას. გაფიცულები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზთან" მთავარ მოთხოვნაზე - ხელფასის გაზრდაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ.
მაღაროელი, რომელმაც გუშინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასაქმებულებისთვის ხელფასი საკუთარი ინიციატივით გაეზარდა.
"გველაპარაკებიან, გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავი. ამის გამო მე უარს ვაცხადებ, საერთოდ დანახვა არ მინდა, ამის გამო ამოვიკერე თვალები. გადავიღალეთ, თითოეული ჩვენგანი, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?! მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ, ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინა თავისით ხელფასი, სულ ომით, სულ გაფიცვით, სულ უბედურებით", - ამბობს მაღაროელი.
ჭიათურაში 10 მაღაროელი მერვე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. რამდენიმე დღის წინ პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ ამოიკერა პირი.
ამის შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზმა" განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანია მზადაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები 5%-ით გაზარდოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია მათი დაცინვაა.