ახალქალაქის ქუჩებში მძიმე ღამის შემდეგ სიმშვიდეა - სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა

გამოქვეყნდა:

ახალქალაქი, სადაც გუშინ დაპირისპირება იყო, სპეცრაზმმა დატოვა, ადგილზე სიმშვიდეა. ადგილობრივები ღამით მომხდარ დაპირისპირებას იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიციას თვითმხილველები ამ დრომდე არ გამოუკითხავს.

ჩემი შვილი ასმა კაცმა დაიჭირა, სპეცრაზმი მივიდა, აქ იდგნენ, უყურებდნენ და ვერაფერი გააკეთეს. 6 სახლია დამწვარი, სასტუმროსთანაც იყვნენ, ადგილზე იყო პოლიციაც, თუმცა არაფერი გააკეთეს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. ახალქალაქში ჩასულმა ჯგუფმა გადაწვა სახლები, დაამტვრიეს კარები და ფანჯრები. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს. 

მისივე თქმით, ამ მკვლელობას ახალქალაქში ჯგუფური დაპირისპირება, კერძო საკუთრების დაზიანება მოჰყვა, რის გამოც გამოძიება ამ მუხლითაც დაიწყო.

უწყება აცხადებს, რომ ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი