მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა - "ფორმულას" განცხადება

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულა" აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა.

​როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი საგანგებო განცხადებისას აღნიშნავს, 1998 წელს დაბადებული მუმლაძე სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებელია. ის რამდენიმე თვეა, რაც სუს-ში გამომძიებლად მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ (სუს-ის უფროსის მოადგილე), გადაიყვანა. მანამდე მუმლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 

"ჩვენ წყარო გვიდასტურებს, რომ მიშაზე თავდასხმას კურირებდა თავად ლევან ახობაძე, პირად კონტროლზე სწორედ მას ჰყავდა აყვანილი. გიორგი მუმლაძის მამაზეც უნდა ვისაუბროთ, ზურაბ მუმლაძე, რომელიც 2017-18 წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით იკავებს ასეთ მაღალ თანამდებობას - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი. ეს გახლდათ გიორგი მამა, რომელიც მიშას თავდასხმაში მონაწილეობას და 2018 წლამდე ძალიან მაღალი თანამდებობა რომ ეკავა ვხედავთ. ჩვენი ინფორმაციით, 2018 წლის შემდეგ, 2020 ან 2021 წელს, დაზუსტებით არ შემიძლია ამის თქმა, ისიც გადავიდა სუს-ში, ლევან ახობაძესთან", - ამბობს დავით ქაშიაშვილი.

ამას გარდა, "ფორმულას" წყაროს ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილე სამივე ავტომანქანა,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის. კადრებში ჩანს კიდევ ერთი კაცი, რომელიც გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისიც სუს-ის თანამშრომელია.

შეგახსენებთ, 27 ივნისს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს მაღაზიაში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებების გამო ის კლინიკაშიც იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი