
მახინჯაურში "მთავარი არხის" ჟურნალისტზე, თეა ვაშალომიძეზე თავდასხმას "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გამოეხმაურა.
ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის.
"2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "მთავარის" ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს მახინჯაურში, სავარაუდოდ, ხელვაჩაურის ყოფილი მერის ახლობელი დაესხა თავს.