
17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დაზარალებული ლუკა შველიძე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდება.
როგორც შველიძე ამბობს, მის მიმართ მომხდარ ძალადობაზე სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს მოკვლევა. მისივე თქმით, სურვილი აქვს, რომ თავად ომბუდსმენსაც შეხვდეს.
"იმედი მაქვს და სურვილს გამოვთქვამ, რომ ასევე შევხვდე სახალხო დამცველს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სიტუაცია პირველად არ არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ჩემი ინფორმაციით, უკვე მესამედ ხდება და აქამდე არ ყოფილა არანაირი განცხადება გაკეთებული მისი მხრიდან, არც ახლა არ არის, უბრალოდ ვიცით, რომ მოკვლევა მიმდინარეობს და მოვედი, რომ ამ მოკვლევაში მოვეხმარო და ჩემი ვალი მოვიხადო", - თქვა ლუკა შველიძემ.
17 ივნისს თსუ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვასა და ბანერების გაშლას ცდილობდნენ. პროტესტის გამო ახალგაზრდებს რამდენიმე უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო, ლუკა შველიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შველიძის პალატაში უცნობი პირი იარაღით შეიჭრა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, დავით კახნიაშვილია. ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარზე გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.