გელათის მონასტერში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, ის რაზეც ისინი 3 წლის განმავლობაში საჯაროდ საუბრობდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ისინი ხელისუფლებას გელათში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე აფრთხილებდნენ, თუმცა ხელისუფლება მათ არასერიოზულად უყურებდა და პოლიტიკურ ანგაჟირებაში ადანაშაულებდა.
"სამი წლის განმავლობაში იმას ვამბობდით, რაც გუშინ დადასტურდა, რომ თურმე იქ სერიოზული ხარვეზები იყო და ამას 4 წელი გადაჰყვა და 4 წლის განმავლობაში იქ ხარვეზებმა მოიმატა. სასულიერო იერარქები, რომლებიც გუშინ გელათში იყვნენ, არასდროს ამ თემას არ გამოხმაურებიან, გარდა ერთადერთისა, ადგილობრივი მაღალი იერარქი, რომელიც ამბობდა, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი, იქ არაფერი სერიოზული არ ხდება.
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, კულტურის სამინისტრო წულუკიანმა რომ გადაიბარა, ექსპერტების უმრავლესობა, რომლებიც დღეს წუხილით გამოდიან ტელევიზიაში, კვერს უკრავდნენ ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს, რომ იქ არაფერი ხდებოდა და ჩვენ მიმართ იყო, რომ ჩვენ ვიგონებთ", - თქვა "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი მერაბ ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს კულტურის სამინისტრომ გელათის მონასტრის კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება საპატრიარქოს ჩააბარა.
15 ივლისს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ "გელათში კედლის მხატვრობასთან დაკავშირებული პრობლემები უკიდურესად სერიოზულია".