ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და წერს, რომ მომავალი ღონისძიების თარიღს აუცილებლად შეატყობინებს.
"სამწუხაროდ, გატყობინებთ, რომ გამოფენა EXPO-BATUMI 2023, რომელიც თავდაპირველად 29 და 30 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო და ღონისძიების ჩატარების თარიღს აუცილებლად შეგატყობინებთ. მადლობთ გაგებისთვის", - წერს People - Real Estate
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ირაკლი ფირცხალავას კომპანია, People - Real Estate ბათუმში 29-30 ივლისს უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას გეგმავდა.
ღონისძიების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ფირცხალავას კონცერტიც.
საიტზე გამოქვეყნებული იყო იმ ქართული სამშენებლო კომპანიების სიაც, რომლებიც, ორგანიზატორების მტკიცებით, ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას. მოგვიანებით რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი რუსული კომპანიის მიერ გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას არ იღებენ. მათვე ცნობით, მათი ლოგოები საიტზე უნებართვოდ გამოიყენეს.
მოგვიანებით, გამოფენის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტიდან საერთოდ გაქრა.