უძრავი ქონების გრანდიოზული აუქციონის ჩაშლის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები დღეს ბათუმში ანბანის კოშკთან მაინც გამოჩნდნენ. ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულები საქართველოში ბინების იაფად ყიდვის იმედით ბათუმის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, თუმცა ადგილზე სპეციალურად მოწყობილი გამოფენა და რუსეთში მცხოვრები ირაკლი ფირცხალავას კონცერტი აღარ დახვდათ და მთავარი არხის კამერის ადგილზე გამოჩენის შემდეგ, მიკროავტობუსებით ტერიტორია დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ირაკლი ფირცხალავას კომპანია, People - Real Estate ბათუმში 29-30 ივლისს უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას გეგმავდა.
ღონისძიების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ფირცხალავას კონცერტიც.
მოგვიანებით, გამოფენის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტიდან საერთოდ გაქრა. კომპანიამ გაავრცელა ცნობა, რომ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი დროით გადაიდო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე