რუსი ტურისტები ბათუმური ტურისთვის ემზადებიან. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande მგზავრებმა უკვე დატოვეს. რუსები ქართულმა პოლიციამ პორტიდან ავტობუსებით და სპეციალური დაცვით გაიყვანა. სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ავტობუსს პროტესტის ნიშნად კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.
ბათუმის პორტში ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები. როგორც აქტივისტები ამბობენ, ბათუმში პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ლაინერი პორტს არ დატოვებს. ადგილზე რჩება პოლიციაც. პორტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჯამში ბათუმში მიმდინარე აქციაზე 15-მდე ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის უკრაინის მოქალაქეც.
ცნობისთვის, საკრუიზო გემი, რომელშიც რუსი ტურისტები, პროპაგანდისტები, ომისა და პუტინის მხარდაჭერები იმყოფებოდნენ, სოჭიდან ბათუმის პორტში, დღეს დილით, გამთენიისას გამოჩნდა. პირველად Astoria Grande საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლა მაშინაც გააპროტესტეს და ახლაც აპროტესტებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.