"მთავარმა არხმა" იმ სამართალდამცველების იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ბათუმში მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს აკავებდნენ და მათ მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ.
ირკვევა, რომ ეს სამართალდამცველები შსს-ს მუდმივად გამოჰყავს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის დედაქალაქში გამართულ პროტესტებზეც. ერთ-ერთი მათგანი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავრობის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძეა. მაღრაძე არაერთ საპროტესტო აქციის დაშლაში მონაწილეობდა.
კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც აქტივისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა ირაკლი გორგილაძეა. ამჟამად გორგილაძე პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს. გორგილაძეს საზოგადოება ლექსო რაფავას საქმიდან იცნობს. 2021 წელს არჩევნების დროს სწორედ გორგილაძემ დააკავა რაფავა, მას იარაღის შეძენა, შენახვა ედება ბრალად. თავად რაფავა ბრალდებებს უარყოფს. ოჯახის თქმით, მას იარაღი დაკავების დროს ჩაუდეს.
გორგილაძის მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.
ბათუმში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება - საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა და ახლა სავარაუდოდ ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ ისინი ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა. აქცია ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციზე 9 ადამიანი დააკავა.
მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ რუსი ტურისტების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გემზე იმყოფებიან ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც.
მოქალაქეების თქმით, ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ ლაინერი ბათუმის პორტს არ დატოვებს.