სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური აცხადებს, რომ ბათუმის აქციაზე დაკავებულები პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ბათუმში დაკავებულების ნაწილი გუშინ ღამე, ნაწილი კი დღეს მოინახულეს.
ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ საკითხზე აქტიური შესწავლა მიმდინარეობს და თითქმის ყველა დაკავებულთან კომუნიკაცია შედგა.
"რამდენიმე მათგანი საუბრობს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ამ ფაქტზე. ჩვენ გუშინვე გვქონდა რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით და მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ახლა მათგან ველით სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. ასევე, გუშინ, გვიან ღამით მოვინახულეთ სენაკში დაკავებულები. მათგანაც, რამდენიმე მათგანმა ისაუბრა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პოლიციელების მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მივმართავთ სპეც. საგამოძიებო სამსახურს.
[დაკავებულები] თვითონ საუბრობენ ძალის გადამეტებაზე პოლიციელების მხრიდან დაკავების მომენტში. ცალკეულ მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ძირითადად, ეს არის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან," - აცხადებს ღუდუშაური.
შეგახსენებთ, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს შემოსვლას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 23 პირი დააკავა. მათგან 2 უკრაინის მოქალაქეა. გამოძიება მათ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. დაკავებულები სხვადასხვა რეგიონების წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან, 4 მათგანის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
ასევე ნახეთ: