არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის" წარმომადგენელის ანა არგანაშვილის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა.
საუბარია PHR-ის სარჩელზე, რომელიც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა. სასამართლომ NAEC-ს დაავალა, დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაეშვათ აბიტურიენტი, რომელიც გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.
ანა არგანაშვილის თქმით, NAEC-მა აბიტურიენტს მიწერა რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას.
"დღეს, ჩემს მეხსიერებაში, პირველად თქვა სახელმწიფო ორგანომ სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებაზე უარი.
ნაეკმა აბიტურიენტს მიწერა რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას - მიზეზი სამართლებრივად უმნიშვნელოა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი, სასამართლოს გადაწყვვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას რომ არ აღსრულდეს.
რატომ აღასრულოს სხვამ გადაწყვეტილება თუ თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა? ძალიან სერიოზულ სამართლებრივი კრიზისის დასაწყისია ეს.
მალე ჩვენს ოფიციალურ განცხადებას შემოგთავაზებთ. მედიას თუ დაგჭირდათ, დამატებით კომენტარს გავაკეთებთ", - წერს ანა არგანაშვილი.