თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე აბიტურიენტს დამატებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაუშვებენ. ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს" დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. აღნიშნული გადაწყვეტილებით აბიტურიენტს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს განათლების უფლებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა.
მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო.
აბიტურიენტის ინტერესებს სასამართლოში ანა არგანაშვილი, სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ კაპანაძე და თამარ გაბოძე იცავდნენ.