"ქართული ოცნების" ხელისუფლების კიდევ ერთი ჩინოვნიკი ემიგრაციაში გაემგზავრა - სოფელ დირბის გამგებელი მალხაზ დოღნაძე სამუშაოდ პოლონეთში წავიდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციას სოფელში ადგილობრივები ადასტურებენ. მათი თქმით, დოღნაძემ ქვეყანა დაახლოებით 2 თვის წინ დატოვა და ამ დრომდე უკან არ დაბრუნებულა.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა იმ ადმინისტრაციულ შენობაში, რომლის ხელმძღვანელიც დოღნაძე იყო, თუმცა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კითხვებს არ უპასუხა.
ამის შემდეგ "მთავარი" თავად დოღნაძეს დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ პოლონეთში იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, ის ევროპაში სამუშაოდ არ წასულა.
"მე არ ვარ სამსახურში, პოლონეთში ვარ. არა [სამუშაოდ არ ვარ] სხვა საქმეზე ვარ. მე განცხადება მაქვს დაწერილი და წამოვედი სამსახურიდან. არ ვარ პოლონეთში...ამ წუთში პოლონეთში ვარ, მივდივარ სხვაგან, რა გინდათ მითხარით და გაგცემთ პასუხს. არც ისე გადასარევია [ევროპა] რა გიპასუხო სიმართლე", - თქვა მალხაზ დოღნაძემ.
დოღნაძე არაა ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელმაც ქვეყანა დატოვა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში გაემგზავრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სამი გამგებელი.
ამავე თემაზე: