საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, შოვში, სამაშველო ვერტმფრენები მუშაობას გათენებისთანავე განაახლებენ და მათ კიდევ 2 ვერტმფრენი დაემატება. მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში 150-მდე მაშველი მუშაობს. მისივე ცნობით, სტიქიის ზონაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი მამისონის ტერიტორიაზე, მესაზღვრეებთან იმყოფებიან.
რაც შეეხება შეკითხვას, ვერტმფრენების დაგვიანებასა და იმაზე, თუ რატომ ვერ მუშაობს ავიაცია ღამის საათებში - მღებრიშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენების მომზადებას შეტყობინების შესვლის შემდეგ დრო დასჭირდა, ხოლო ღამის საათებში მსგავსი რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე, მათი მუშაობა უსაფრთხო არ არის:
"ინფორმაცია ინციდენტის შესახებ შემოვიდა 15 საათსა და 10 წუთზე. დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართულობა. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი, თუმცაღა მფრინავების გმირობის ფასად, შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დავიწყეთ ევაკუაცია მოსახლეობის.
დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა და ეს იქნებოდა ძალიან არასწორი და არაგამართლებული უსაფრთხოების მიზნით, რამეთუ იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე -მაშველები აკეთებენ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს რთული რელიეფიდან გამომდინარე" თქვა მღებრიშვილმა.
იხილეთ ასევე: