ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა? - ქარსელაძე

გამოქვეყნდა:

ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა? - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ვერტმფრენებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ სთხოვა საქართველოს მთავრობამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს შოვში, სამაშველო ოპერაციისთვის.

ქარსელაძე ასევე უარყოფს, რომ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ავიაცია გვიან ჩაერთო და ჟურნალისტებს მოუწოდებს, მიზეზებს ნუ ეძებენ:

"პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ ვითარება ისედაც მძიმეა, ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას...ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი და გაგავრცელოთ დაზუსტებული ინფორმაცია ვინაიდან საუბარი არის პირველ რიგში ადამიანებზე. ძალიან გთხოვთ, რომ მიზეზ- მიზეზ  ნუ ვიქნებით იმისთვის, რომ რაღაც მიზეზი ვიპოვით იმისთვის, რომ როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა.
მართალია მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე.

შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება. ორწუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გარდა ვერტმფრენისა და გარდა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში.... 

ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა?

დაგვიანებაზე საუბარი საერთოდ უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბრიგადა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, მყისიერი იყო მისი გამოცხადება...

თქვენ თუ ცოტა მეტს წაიკითხავთ ვერტმფრენებზე მიხვდებით, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ობიექტური დრო. ნახვამდის. - განაცხადა ქარსელაძე, ონში გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ.

ქარსელაძის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან  70 ადამიანი გამოყვანილი და  152 ადამიანი ამჟამად იმყოფება უსაფრთხო ადგილას სტიქიის არეალში. მინისტრის თქმით, მათთან ერთად იმყოფებიან  სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები და უკვე დილიდან ამ მოქალაქეებს ვერტმფრენით გამოიყვანენ.

რაც შეეხება დაკარგულ ადამიანებს, ქარსელაძის თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო 50 პირზე, თუმცა ცოტა ხნის წინ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ექვს მათგანს დაუკავშირდნენ

"არიან ადამიანები რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი ვისაც ვერ ვკავშირდებოდით უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან და ეს პროცესი გრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად ღამისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში" აღნიშნა მინისტრმა.

ქარსელაძის ინფორმაციით, იმ ორ ვერტმფრენს, რომლებმაც სტიქიის ზონაში იმუშავეს, დილიდან კიდევ დამატება სხვა ვერტმფრენები, ხოლო გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებს ხვალ გადმოასვენებენ და მათი იდენტიფიცირება მოხდება. 

ირაკლი ქარსელაძის ცნობით, ჩამოწოლილმა მეწყერმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურასაც, რის გამოც საჭირო გახდა, დროებითი ხიდის მონტაჟი და შესაბამისი სამუშაოები მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება :

"მნიშვნელოვნად დაზარალდა ინფრასტრუქტურა, რომელიც სტიქიის არეალში საგზაო კომუნიკაციის გამოყენებით შესვლას ზღუდავს, 2 ხიდია წაღებული, ასევე გზის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც დაფარულია მეწყრით და მობილიზაცია მყისიერად გაკეთდა, დაიწყო შესაბამისი სამუშაოები, დაახლოებით საათნახევრის წინ კიდევ შეემატა მძიმე ტექნიკა. საუბარია ექსკავატორებზე, ბულდოზერებზე , თვითმცლელებზე , დამტვირთველებზე და ყველა იმ აუცილებელ ტექნიკაზე, რომელიც ასეთ ვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული, ასევე გზაშია ტექნიკა, რომელიც ღამე ჩამოვა და შესაბამისად დილიდან ეს ტექნიკაც ჩაერთვება.

აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდა რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი და და უფრო მეტიც, რეალურად მობილიზაცია დაწყებული პრემიერმინისტრიდან, ყველა იმ რგოლის ჩართულობით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და ჩართულია სამაშველო ოპერაციაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთებულიყო" განაცხადა ქარსელაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი