ხვალიდან შოვის სტიქიის ზონაში დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან გაკეთებულ შემაჯამებელ კომენტარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილებები ონში, მთავრობასთან ერთად დღეს გამართულ სამუშაო თათბირზე მიიღეს:
"თავდაცვის სამინისტროს 200 თანამშრომელი იქნება დამატებთ ჩართული, შესაბამისად ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა ნაპირზე გადაყვანა მძიმე ტექნიკის და მიმდინარეობს გარკვეული დანიშნულების სამუშაოები, რათა უფრო ახლოს მივიდეთ გარკვეულ ლოკაციებამდე.
ვადასტურებთ 11 გარდაცვლილ ადამიანს, რომლებიც გამოსვენებულია სტიქიის ეპიცენტრიდან და გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვისაც გრძელდება ინტენსიური საძიებო სამუშაოები" განაცხადა მღებრიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისაც ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან, ვერტმფრენით დაათვალიერებენ სტიქიის ეპიცენტრს, თუმცა როდის, კონკრეტულად უცნობია და ამინდზე იქნება დამოკიდებული. არაა გამორიცხული დაკარგული ადამიანების ახლობლებს ხვალ მიეცეთ შესაძლებლობა საკუთარი თვალით ნახონ ადგილზე არსებული ვითარება:
"დღეს იცით , რომ შევხვდით ოჯახის წევრებს იმ ადამიანებისა, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკონტაქტება. მათ ავუხსენით დეტალურად თუ რა სახის სამუშოები მიმდინარეობს. დამატებით შევთავაზეთ მათ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანოთ სტიქიის ზონაში და თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ თუ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება. მათაც გამოთქვეს სურვილი ამ ყველაფრის, შესაბამისად მათთან კომუნიკაციაში კიდევ ერთხელ გავივლით საკითხებს" აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამი დღის წინ, მთის დიდი მასა მოწყდა და შოვში მდინარე ჩახერგა.
შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 25 დაკარგულ ადამიანს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ცოტა ხნის წინ რაჭაში სამხედროების შეყვანა დაიწყო, რომლებიც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან.