რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მდინარე ბუბისწყალი (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) ღვარცოფული მოვლენებით არ ხასიათდებოდა, თუმცა, სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა, რამაც აღნიშნული შედეგი გამოიწვია.
"გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები, ონის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიურ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესების ადგილზე შეისწავლის მიზნით, სტიქიის ადგილზე რჩებიან. გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგი.
მდ. ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი.
რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნებს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.
ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი)," - წერია განცხადებაში
ცნობისთვის, 2021 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა ანგარიში, სადაც წერია, რომ "ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს." 2021-ის ანგარიში ''მწვანე ალტერნატივას'' დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ გუშინ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სააგენტო 2022 წლის პროცესების პროგნოზის შედეგებს არ ასაჯაროებს.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე პირს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.
შოვში სამძებრო-სამუშაოებში უკვე მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს. მასში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში გუშინ ღამით ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 598 913 089.