​"კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბოლო კონტაქტები, ყურადღება მაქსიმალურად გადავიტანეთ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც შეიძლება დამატებით ცხედრის აღმოჩენა" | მღებრიშვილი

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებთან კიდევ ერთხელ განიხილეს ბოლო კონტანტები. 

მღებრიშვილის თქმით, დღის განმავლობაში ყურადღება კონკრეტულ ლოკაციებზე აქვთ გადატანილი, სადაც თეორიული გამოთვლებით უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა. 

"მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები იყვნენ ახლა ჩვენთან ერთად და მათთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბოლო კონტაქტები. სად იმყოფებოდნენ, რა პერიმეტრზე იმყოფებოდნენ და ზუსტად ის ადგილია, სადაც ე.წ კოტეჯების ტერიტორიაა. გაეცნენ სამუშაო პროცესებს. ამჟამად შიგნით მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშობა. პარალელურად დღის განმავლობაში გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, რომლებზეც მაქსიმალურად გადავიტანეთ ყურადღება იმ თეორიული გამოთვლებით, სადაც შეიძლება დამატებით ცხედრის აღმოჩენა მოხდეს," - ამბობს მღებრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შოვში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა გრძელდება.

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 598 913 089. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი