საქართველო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა - ილია II

გამოქვეყნდა:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2008 წლის ომიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია "ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა."

პატრიარქის თქმით, შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს.

"15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ.

საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია!

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა.

შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით... ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ.

ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 აგვისტოა, დღე როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა  საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები,  ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს. სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა "ფეისბუქ" გვერდმა წელსაც გამოაქვეყნა სპეციალური ფოტო წარწერით - 8 აგვისტო - რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ომი არა 8, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი