შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნაკიეთში, შოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ნაპოვნია ცხედრის ქვედა კიდურიც.

"ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები", - თქვა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილი ამბობს, რომ ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ქვედა კიდური 24 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მისივე თქმით, რიონზე წყლის დონემ შედარებით დაიწია და გამოჩნდა პატარა კუნძულები, რომლებზეც ინერტული მასალა, მორები და სხვა ნაშალია მოგროვებული.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი