გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - მღებრიშვილი შოვზე

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლებით.

"ინციდენტის პირველივე წუთებში აიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ასე რომ, გამოძიება რა თქმა უნდა, დაწყებულია. ორ მუხლზეა საუბარი ამ ეტაპზე", - თქვა მღებრიშვილმა. 

შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის დაღუპული 18 ადამიანიდან 14 იდენტიფიცირებულია. 

მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ დღეს შუადღისთვის ბოლომდე იქნება გზა შეყვანილი ე.წ. კალცის წყლების მიმართულებით, სადაც აქტიურად დაიწყება სამძებრო სამუშაოები. 

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ეძებენ 16 ადამიანის. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი