გალში მოკლული 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს კვლავაც უშედეგოდ ეძებენ. ვარდნილჰესის კასაკადებზე ენგურის დონე სამი მეტრით იყო დაწეული, თუმცა ცხედრის პოვნა ვერ მოხერხდა. ოკუპირებული გალის მოსახლეობა ე.წ. გამგეობის წინ აქციაზეც გამოვიდა, მათ შორის გარდაცვლილი გოგონას თანამშრომლები. ადგილობრივები სამძებრო სამუშაოების დაჩქარებას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულ აინარ ცვიჟბას კვალის დაფარვაში, სავარაუდოდ, ვიღაც ეხმარებოდა.
"სკანერით ვმუშაობთ ტბის ფსკერზე. აქ არიან მყვინთავებიც. გვაქვს ვარაუდები და გარკვეული მინიშნებები სად შეიძლება იყოს ცხედარი, თუმცა, ჯერ-ჯერობით პოვნა ვერ ხერხდება. წყლის დონეც დავწიეთ, ვეძებთ ნავებითაც", - თქვა გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა, კონსტანტინე ფილიამ.
ცვიჟბა დანაშაულს აღიარებს. გარდაცვლილი ქალი ბრალდებულმა 28 ივლისს, საბავშვო ბაღიდან გაიყვანა, სადაც ის პედაგოგად მუშაობდა. ამ დღის შემდეგ მოკლულ ქალს უშედეგოდ ეძებენ.